ხელისუფლება და ოპოზიცია წამოკოტრიალებულებია უძვირეს კურორტებზე, მოვუწოდებ, შეავსონ საშობაო დეკლარაცია - ნათელაშვილი
"ხელისუფლება და ოპოზიცია წამოკოტრიალებულები არიან უძვირეს კურორტებზე", - ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ნათელაშვილი მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს მოუწოდებს, საშობაო დეკლარაცია შეავსონ და მათ მიერ გაწეული ხარჯები საჯარო გახადონ.
ათეული წელია საშობაო პერიოდში მე ვუყურებ ერთსა და იმავე სიტუაციას. ხალხი გმინავს, პოლიტიკური ელიტა "ფეშენ" კურორტებზეა განლაგებული და საერთოდ არ აინტერესებს იმ ხალხის პრობლემები და ტკივილები, რომლებმაც ისინი იქ აირჩია, იქ მაღლა. ვითომ მსახურებად და სინამდვილეში ხალხი გახადეს საკუთარი ინტერესების მსახურებად. აი ახლაც მთელი ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა, მათ შორის, ოპოზიცია წამოკოტრიალებულია უძვირეს მსოფლიო კურორტებზე, ზოგი ტროპიკული განხრით, ზოგიერთი ზამთრისა ალპური მიმართულებით. მე მოვითხოვ, თუ ეს არ არის სწორი და 80% ჩვენი ელიტისა ამ მდგომარეობაშია მაშინ, როდესაც ბავშვებისთვის სკოლაში ერთჯერადი კვება დაინანეს და საახალწლო-საშობაო საჩუქარიც კი არ გაუკეთეს სკოლის მოსწავლეებს, თავის ბავშვებიანად, სიდედრებიან, ოჯახებიანად ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე არიან დიდ განცხრომაში. ვიმეორებ, თუ ეს ასე არ არის, დაწეროს ყველა პარლამენტის წევრმა და მთავრობის წევრმა საშობაო დეკლარაცია და აღნიშნოს, სად ისვენებდა, ვისი დახმარებით, რა სახსრებით, რა კორუფციული არხებითა და ხერხებით. ეს წელი, ქრისტესშობის წელი უნდა იყოს ოლიგარქის ისტორიულ სანაგვეზე გასტუმრების ჟამი, ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამყარების, ეროვნული სიმდიდრის ხალხზე გადანაწილებისა და დემოკრატიულ-სოციალისტური სისტემის ჩამოყალიბების პერიოდი. ამის ერთადერთი გარანტი ქვეყანაში გახლავთ ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონა-მორჩილი", - აღნიშნა ნათელაშვილმა.