"ივანიშვილის მიერ დასმული ფულის ტომარა" - ოპოზიცია "ოცნების" პრივილეგირებული დეპუტატის წინააღმდეგ
მაჟორიტარები, რომელთაც მოქალაქეები მხოლოდ არჩევნების წინ ახსოვთ - ერთ-ერთი ქარელისა და ხაშურის დეპუტატი, ზაალ დუგლაძეა. ირკვევა, რომ მაჟორიტარი მოსახლეობის მიმართ არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს. ადგილობრივებისთვის დუგლაძეს ისიც კი არ უთქვამს, რა გააკეთა პარლამენტში, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ხალხს ცვლილებები ეგრძნო.
ვინ არის დეპუტატი დუგლაძე? ის ბიძინა ივანიშვილის ძმის უახლოესი გარემოცვაა.
"ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული, ფულის კიდევ ერთი ტომარა"- ასე ახასიათებს ოპოზიცია დეპუტატ დუგლაძეს. ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი, იმ რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, რომელსაც საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა და სწორედ აქციების ფონზე მმართველი ძალა იძულებული გახდა საშიში კანონი პარლამენტიდან უკან გაეწვია.
"ზაალ დუგლაძე არის, ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ქარელისა და ხაშურის მოსახლეობასთან, არამედ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ. ის პარლამენტში შეიყვანეს, როგორც ფულის ტომარა. ის საკუთარ გავლენებს, ასევე მისი ძმის, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გავლენებს იყენებს კორუფციული გარიგებების, საქართველოს ბიუჯეტის კიდევ უფრო დატაცების და საკუთარი გარემოცვის გავლენების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი ბალიაშვილი.
გახარიას გუნდის წევრი, საკრებულოს დეპუტატი ვასილ ბაქრაძეც თვლის, რომ მაჟორიტარმა ყოველწლიური ანგარიში აუცილებლად უნდა წარუდგინოს ამომრჩეველს.
გარდა ამისა, ზაალ დუგლაძე ფლობს დუგლაძეების ღვინის კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მეწილე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, დეპუტატის კუთვნილ კომპანიას, რუსეთის ფედერაციაში გააქვს ღვინო და ოპოზიციის მტკიცებით, მან სწორედ ოკუპანტ ქვეყანაში იშოვა დიდი ფული.
დუგლაძეების კომპანიას საბოლოო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ლარი აქვთ "ქართული ოცნებისთვის" შეწირული.