შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში - აზარაშვილის პასუხი აფთიაქებს
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმების თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ზურაბ აზარაშვილის პოზიცია ასეთია: ვისაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, შეუძლიათ, სასამართლოში იჩივლონ.
ღარიბაშვილის გუნდის წევრი იმეორებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების ფასებს ერთმანეთთან შეთანხმებით ზრდიან.
შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული ანუ ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტების ფასები 3-ჯერ და 4-ჯერ იყო გაძვირებული. სამწუხაროდ ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა"- თქვა მინისტრმა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმეს.
არცერთი კომპანია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ხელისუფლების წნეხს სასამრთლოთი პასუხობს.
მედიკამნტების მსხვილი იმპორტიორები ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს შტურმი საბოლოოდ ისევ მომხმარებელზე აისახება. 4-ვე დაჯარიმებული კომპანია საკუთარ არგუმენტებს უკვე სასამართლოში წარადგენს.
4 ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ქსელი კონკურენციის სააგენტომ ჯამში 53 მილიონით დააჯარიმა. ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს.