ჩამიცხრილეს ძმა... 2 თვეზე მეტია გასული, საქმის მასალები ჯერ არ ვიცით - გინტურის ძმა
ორი თვე თამაზ გინტურის სასტიკი მკვლელობიდან და არცერთი ბრალდებული - ქართულ გამოძიებას რუს სამხედროებზე ძებნა არ გამოუცხადებია.
ოჯახი ამ დრომდე ელოდება ძალოვანი უწყებების რეაგირებას. მოკლულის ახლობლებს არ აძლევენ არც საქმის მასალებს. თამაზ გინტურის ძმა "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ დამნაშავეების დაუსჯელობა მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
ჩაცხრილული თამაზ გინტურის ძმა გივი გინტური პროკურატურაში ხვალ გეგმავს მისვლას და გარკვევას, რა ეტაპზეა მისი ძმის მკვლელობის საქმე. გარდა ამისა, ჩაცხრილული საქართველოს მოქალაქის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.
2 თვეზე მეტია გასული, საქმის მასალები ჯერ არ ვიცით, არ ვიცით, რა ეტაპზეა საქმე. პროკურატურაში ხვალ მეცოდინება საქმე სადამდეა მიყვანილი, ჯერჯერობით, არ ვიცით. საქმეს რომ გავეცნობი, ხვალ გეტყვით ყველაფერს, თუ არა, უნდა მივმართო სტრასბურგის სასამართლოს. აქ ჩემი საშველი არ არის, ჩემს ძმას ყურადღების მიქცევა უნდა, მე დავრჩი და მე რომ არ მივხედო ჩემს ძმას, არ გამოვა. ჩამიცხრილეს ძმა, 35 ტყვია მოარტყეს მანქანას და მოკლესო, მოკვლა სხვაა და ჩაცხრილვა სხვაა, მანქანას 35 ტყვიას რომ მოარტყამ, ის სიკვდილია თუ ჩაცხრილვა?,“ - განაცხადა გივი გინტურმა.