ხვიჩია სააკაშვილთან წერილობით კომუნიკაციას ადასტურებს და ივანიშვილთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს
"გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან წერილობით კომუნიკაციას ადასტურებს. "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება შეუზღუდა, ის მესამე პრეზიდენტს წერილობით ეკონტაქტება.
გარდა ამისა, იაგო ხვიჩია მზადაა ესაუბროს პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებულ ბიძინა ივანიშვილს.
განსახილველი თემები კი როგორც სააკაშვილთან, ისე ივანიშვილთან "გირჩის" დეპუტატის თქმით, "სამართლიანობას" და "სიღარიბის დაძლევას" უკავშირდება.
ჩვენ უტოპიური გვგონია ორი მთავარი საკითხი, რაც მოქალაქეებს აწუხებთ - სამართლიანობა და სიღარიბის დაძლევა. სამართლიანობა როგორ? - ამასთან დაკავშირებით ჩვენ ცალკეც შევხვდებით თუ ამის შესაძლებლობა ექნება ბატონ ბიძინას. ცალკე შევხვდებით ყველას, ვისაც ეს აინტერესებს.
(სააკაშვილთან შესახვედრად) არ მიშვებს ბატონი პაპუაშვილი, მაგრამ ვცდილობ, რომ წერილებით ავინაზღაურო.
ჩვენ ორივესთან გვაქვს იგივე შეთავაზება - მე არაფერ განსხვავებულს არ ვთავაზობ მიხეილ სააკაშვილს, რასაც არ შევთავაზებდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ორივეს ვთავაზობ მისთვის კარგ შეთავაზებას - ერთს ციხიდან გამოსვლას, მეორეს შემთხვევაში, ვინაიდან მეტი შესაძლებლობები გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, მე მას ვთავაზობ ფაქტობრივად, უკვდავებას საქართველოს ისტორიაში. ადამიანი, რომელიც ამას გაუკეთებს თავის ერს - მიანიჭებს სამართლიანობას და გაამდიდრებს მოსახლეობას უპატრონო ქონებით, ამას მიხვდება რომ ეს გასაკეთებელია, ჩემი აზრით ის კაცი იქნება საქართველოს ისტორიაში დავით აღმაშენებელს თუ არ გაასწრო, ახლოს იქნება.
სააკაშვილმა ეს რომ დაიჯეროს, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილი არჩევნებს მოიგებს - წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილი მთელი თავისი მედია თუ პოლიტიკური ინფრასტრუქტურით ამბობს ორ რამეს, რომ სამართლიანობა მნიშვნელოვანია და მან შეცდომები დაუშვა, როდესაც ეს სასამართლო ააწყო, რომელიც ახლა მას ასამართლებს და შეუერთდეს იმ გეგმას ოპოზიციის, რომელზეც ნაცებსაც აქვს ხელი მოწერილი, როგორი სასამართლო უნდა იყოს და გამდიდრების გეგმას მიშასაც ვთავაზობ - ჩემთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი დაიმკვიდრებს უკვდავებას და რომელი იქნება უფრო მეტად ამბიციური,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.