მღებრიშვილმა შეასრულა პრემიერ-მინისტრის განკარგულება - ჯანაშია
თემურ ჯანაშია, რომელიც მიხელ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ თემურ მღებრიშვილმა, რომელიც 2014-2015 წლებში იგივე თანამდებობას იკავებდა, შეასრულა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულება.
ჯანაშია ამბობს, რომ მღებრიშვილს არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა შეეფასებინა პრემიერ-მინისტრის განკარგულება.
მღებრიშვილმა შეასრულა პრემიერ-მინისტრის განკარგულება. მას არ აქვს არანაირი თუნდაც ბერკეტი, რომ შეაფასოს და არც არანაირი ცოდნა არ გააჩნია, მათ შორის არც იურიდიული, რომ შეაფასოს პრემიერ-მინისტრის განკარგულება, იმიტომ, რომ ეს განკარგულებები გადის რევიზიას, შესაბამისად, მე არ მგონია, რომ მას ეს ოფიციალური განკარგულებები, რაც მიღებული აქვს, ისინი არაა არცერთი უკანონო", - ამბობს თემურ ჯანაშია.
დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. პროცესზე დღეს უნდა დაკითხულიყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილიც, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაირღვეოდა, თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ, სხდომა მის გარეშე ჩატარდებოდა.
რატომ არის თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვა მნიშვნელოვანი? - თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს, (2014 წელი), როცა მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, გაწეული ხარჯები დანაშაული არაა, მაშინ ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის დროს გაცემული განკარგულებებიც დანაშაული ვერ იქნება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, თუ განკარგულებია გაცემული ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, უწყება ვალდებულია შეასრულოს დავალება.