საღებავით დასვრილი ხატი უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს - საპატრიარქომ სამებაში ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა აკრძალა
საქართველოს საპატრიარქომ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გუშინ ხატს საღებავი შეასხეს, ჟურნალისტების აკრედიტაციის გარეშე შესვლა შეზღუდა.
"გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად", - წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება ხატს,რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, ირკვევა, რომ ის გაწმინდეს და კიდევ უფრო თვალსაჩინო ადგილზე, ცენტრალურ შესასვლელთან უფრო ახლოს განათავსეს.
მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი გუშინ შეასხეს.