საქართველოში დანიის ელჩმა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა
საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. ანე ტოფტ სორენსენი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
როგორც ელჩი დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში აღნიშნავს, ივანივილის დაფუძნებული პარტია ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს.
"ქართული ოცნების" პარტია, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ძალაუფლებას 2012 წლის შემდეგ ინარჩუნებს. ოპოზიცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელმძღვანელობს, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ხელისუფლებას სასამართლოს პოლიტიზებაში, თავისუფალ მედიის გაჩუმებასა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობაში ადანაშაულებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველო უკრაინამ და ევროკავშირმაც დაადანაშაულეს რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკის გატარებაში, რადგან მათ არ აღკვეთეს ზაფხულში მოსკოვთან ფრენების აღდგენა და არ დაუწესეს სანქციები რუსეთს, არამედ პირიქით, ვაჭრობა გაზარდეს რუსეთთან. პოლიტიკას აკრიტიკებენ, როგორც შეუსაბამოს ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის 90-მდე პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს", - აღნიშნულია OP-ED-ში.