ჩვეულებრივი სპეკულაციებია - კალაძე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

11.01.24 14:15
ჩვეულებრივი სპეკულაციებია - კალაძე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ სადამკვირვებლო მისიები საქართველოში დროულად ჩამოვლენ და საარჩევნო პროცესს ეფექტურად დააკვირდებიან.

თბილისის მერი, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

კახა კალაძის თქმით,  ოქტომბერში საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და საპარლამენტო არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება.

„ჩვეულებრივი სპეკულაციებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ და არჩევნებიც ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდება.როცა ამის დრო და საჭიროება დადგება, გაცხადებული იქნება ეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დღეს გინდათ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ? არის ამის აუცილებლობა? ეს პირველ რიგში, ჩვენს ინტერესში შედის, რომ არავის მიეცეს იმის შესაძლებლობა, რასაც კადრულობდნენ 2020 წელს .

რაც არ უნდა სპეკულაციები, ზოგიერთი ე.წ. ევროპარლამენტის მხრიდან სიბინძურე და მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე. არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია აწარმოოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.

გამარჯვების კოალიციამ დასავლელ პარტნიროებს წერილები უკვე გაუგზავნა. მიმართვას ჯამში 35-მდე ადრესატი ჰყავს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების გაყალბება საარჩევნო პროცესის დაწეყბამდე ბევრად ადრე იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანდ მიიჩნევენ, რომ მისიებმა მუშაობა რამდენიმე თვით ადრე დაიწყონ.

მსგავსი სიახლეები