დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა - კალაძე

11.01.24 14:35
დანიის ელჩის განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა - კალაძე

ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ივანიშვილს რა აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული.

„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - ამბობს კალაძე.

ამასთან, კალაძე ევროპარლამენტარებსაც დაესხა თავს და ისინი "ფულის აღებაში" დაადანაშაულა:

„ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ „რუსული კანონით“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი, შეგიძლია ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს. ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. ანე ტოფტ სორენსენი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

მსგავსი სიახლეები