არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში - საგარეოს პასუხი ოპოზიციას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გეგმაში უკვე გაწერილია, რომელიც გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა.
საგარეოს თქმით, სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას.
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნომერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება," - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანას ითხოვენ.
გამარჯვების კოალიციამ დასავლელ პარტნიროებს წერილები უკვე გაუგზავნა. მიმართვას ჯამში 35-მდე ადრესატი ჰყავს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების გაყალბება საარჩევნო პროცესის დაწეყბამდე ბევრად ადრე იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანდ მიიჩნევენ, რომ მისიებმა მუშაობა რამდენიმე თვით ადრე დაიწყონ.