"პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი" - ნატა ფერაძის პირველი კომენტარი

11.01.24 15:08
"პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი" - ნატა ფერაძის პირველი კომენტარი

"პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი" - სამოქალაქო აქტივისტის პირველი რეაქცია საპატრიარქოს განცხადებაზე. ნატა ფერაძე "პირველელებს" ეუბნება, რომ ახლა ძალიან მნიშვნალოვანია, საზოგადოებამ აჩვენოს ერთსულოვნება იმ კანონის წინააღმდეგ, რომელსაც "ქართული ოცნება" დააინიცირებს. 

აქტივისტის თქმით,  რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის  გამკაცრების წინადადება ფაქტობრივად რუსული კანონია: 

თავისთავად, ეს არ იყო მარტო ჩემი პროტესტი, მანამდე იყო კამპანია - თითო პოსტს, კომენტარს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო, ამ ციფრულ ერაში აღარ არის აუცილებელი, ქუჩაში გავიდეთ, საკმარისია, რაღაც წილად თუ დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს სოციალურ ქსელში. არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ დავეხმარე ამ პროტესტს ჩემი მისვლით და ამ ხატთან შეხებით... 

დარწმუნებული ვარ, სტალინის გამო და კვერცხის სროლის გამო, რომელიც მოხვდა შუშას, ამით არ აიტკივებენ თავს, რომ მე გამიშვან ციხეში. ეს კანონი (რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება) ძალიან მძიმეა და ამაზეც მოგვიწევს ბრძოლა, რომ არ დაუშვათ რასაც აპირებენ, ფაქტობრივად რუსული კანონია"- ამბობს ნატა ფერაძე. 

სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს,  ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს. 

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

 გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. 

მსგავსი სიახლეები