ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დანიაზე ზემოქმედებისთვის გამოვიყენოთ - მანჯგალაძე
ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დანიაზე ზემოქმედებისთვის გამოვიყენოთ - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ივანიშვილის ცუდად ხსენების გამო ევროპაში არავინ უნდა დააზიანოს.
ბიძინა ივანიშვილი არისერთი საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც სიმბოლური თანამდებობა აქვს. ასე ამბობენ "ქართულ ოცნებაში" და საქართველო ბოტასი ხომ არ არის, როგორც უნდა ისე მოირგოს "ქართულმა ოცნებამ". საქართველოს სახელმწიფო ინტერესი, ბიძინა ივანიშვილის ცუდად, თუნდაც მათთვის მიუღებლად ხსენების გამო არავინ არ უნდა დააზიანოს ევროპაში. არავინ არ არის ბიძინა ივანიშვილი არც საქართველოსთვის და არც დიპლომატიური პროტოკოლისთვის. ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ უკავია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და ინსტრუმენტები გამოვიყენოთ დანიაზე ზემოქმედებისთვის", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა. ანე ტოფტ სორენსენი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.