ხელისუფლებამ თქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა 500 ლარი ჯდება, უნამუსობაა - რადიკალები ფერაძის დაპატიმრებას ითხოვენ
მიუხედავად საპატრიარქოს განცხადებისა, რომ სტალინ ხატიდან უნდა წაიშალოს, რადიკალურად განწყობილი ადამიანები, ნატა ფერაძის დაპატიმრებას ისევ ითხოვენ.
"ალტ ინფოს" ხელმძღვანელი, ამტკიცებს, რომ ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც დასჯადი ქმედებაა.
ხელისუფლებამ თქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა 500 ლარი ჯდება საქართველოში - ამბობს რადიკალების ერთ-ერთი ლიდერი.
"თუ კონსერვატიული ფლანგის აქტიური პროტესტის შედეგად რამე შეიცვლება მაგ მიმართულებით, ეგ მიგვაჩნია, რომ კარგია. რაც შეეხება ნატა ფერაძეს, მის მიმართ სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის ახალი კანონის მიღება საჭირო არ არის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით, ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა, რომელიც განხორციელდა მათ შორის მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შებღალვის გზით, ისჯება და ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შენ რომ ხატთან სანთელს ანთებ და იმას საღებავს გადაასხამს, ეგ არის ზუსტად ამ 155-ე მუხლის ფარგლებში დარეგულირებული ქმედება, ამიტომ ხელისუფლებას რომ უნდოდეს, მას აქვს მუხლი, თუმცა წავიდა წვრილმან ხულიგნობაზე და თქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა 500 ლარი ჯდება საქართველოში. ეგ არის უნამუსობა"- აცხადებს მახარაძე.
"პირველები" ასევე დაინტერესდა, რატომ არ ჰქონდათ რადიკალური დაჯგუფების ლიდერებს პროტესტის გრძნობა გელათის საკითხზე, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მონასტერი უმძიმეს მდგომარეობაშია.
"ალტ ინფოს" ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში ამბობს, რომ გელათის საკითხი ტავიდან ბოლომდე საპატრიარქომ გადაიბარა და ისინი ამ ინსტიტუტს სრულად ენდობიან და ელოდებიან რას გადაწყვეტს საპატრიარქო.
რაც შეეხება წულუკიანის პასუხისმგებლობას, რადიკალების ლიდერი კონკრეტულ გვარს არ ასახელებს, ამტკიცებს, რომ არ იცის ვინ ავნო კულტურულ ძეგლს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ "ვინც გელათი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, დასაჭერია".
"დავით გარეჯზე და გელათზე საპატრიარქოს ვაცდი, პროცესი მიდის, დაელოდეთ!" - თქვა მან.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს, ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს.
გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.
რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.