დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა
დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. დიპლომატი უწყებაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა.
ოფიციალური განცხადება, თუ რატომ დაიბარეს და რა განმარტებები მოსთხოვეს დანიის ელჩს უწყებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.
ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებამ "ოცნების" წევრები წყობიდან გამოიყვანა. ისინი დილიდან ითხოვენ დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას და საგარეოს მოუწოდებდნენ, სორენსენი ახსნა-განმარტებებისთვის დაებარებინა.
ივანიშვილზე ელჩმა დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ისაუბრა, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ წერს.