წითელი ხაზების გადასვლა და ჩარევა ეკლესიის შიდა საკითხებში - პაპუაშვილი ხატის სკანდალზე
შობის ღამიდან მოყოლებული რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კამპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის რაც სამების საკათედრო ტაძარში ხატთან დაკავშირებით ხდება წითელი ხაზების გადასვლა და ჩარევაა ეკლესიის შიდა საკითხებში.
„ფაქტია, რომ შობის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ისტერიული მცდელობა, რომ სამოქალაქო პირები, ენჯეოს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, სხვა დროს სეკულარიზმს რომ ქადაგებენ, ჩაერიონ საეკლესიო კალენდრის განსაზღვრებაში. რაც არის მათივე პრინციპებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების გადასვლა და ჩარევა ეკლესიის შიდა საკითხებში. ერთი, რომ საეკლესიო კალენდრის სპეციალისტი აღმოჩნდა რატომღაც ყველა ენჯეოს წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, მეორე - უცებ ყველა იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდა. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის ეკლესიის მხრიდანაც იყო განცხადება, რომ ეს ხატი უკვე თვეებია, თუ წლებია, რაც იქ არის.
დიდი ალბათობით, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, ასეთ ანტიქართულ საქმეებში გიორგი კანდელაკი გამოირჩევა და ვნახეთ, რომ მან დაიწყო ეს კამპანია და „სოვლაბმა“. ესეც ცალკე ისტორიაა, რომ გიორგი კანდელაკი ახლა "ენჯეოშნიკად" გვევლინება და „სოვლაბის“ სახით საუბრობს. ეს იყო დაგეგმილი კამპანია. დაგეგმეს, რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ სოციალურ ქსელში, როგორც აკეთებენ ხოლმე ამ ყველაფერს, რათა ის დღესასწაული, რომელიც უნდა ეზეიმა ქართველ ხალხს, ჩაეშხამებინათ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს, ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს.
გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.
რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.