"თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე", "პოლიციის ინსტრუმენტად გამოყენება" - NGO-ები Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშზე

12.01.24 13:56
"თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე", "პოლიციის ინსტრუმენტად გამოყენება" - NGO-ები Human Rights Watch-ის კრიტიკულ ანგარიშზე

Human Rights Watch-ის კრიტიკული ანგარიში არ უკვირთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მესამე სექტორში თვლიან, რომ მთავარი პრობლემები სახეზეა - ხელისუფლება კრიტიკული მოსაზრებების გამო დევნის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამის მცდელობა იყო ე.წ. რუსული კანონის მიღება.

როგორც "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, სახელისუფლებო გუნდს მესამე სექტორის კრიტიკული მოსაზრებები აღიზიანებს და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა სახის მადისკრედიტირებელ კამპანიებს აწარმოებს მათ წინააღმდეგ.

საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა და მათ წინააღმდეგ არსებული ეს კამპანიები, მათ შორის ძალიან ნეგატიური კამპანია, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა.

პრობლემას ვხედავთ, წლების განმავლობაში გაუარესებულ მდგომარეობას ამ ნარატივებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებას და ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს - რომ განსხვავებული აზრი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ეს არის, სავარაუდოდ, მმართველი პარტიისთვის არასასიამოვნო და სწორედ ეს აიძულებს მათ ასეთი ტიპის კამპანიები აწარმოონ,“ - ამბობს ნინო დოლიძე.

Human Rights Watch-ის ანგარიში ხელისუფლებამ რეფორმების გატარების გზამკვლევად რომ უნდა დაინახოს, ამაზე საუბრობს GDI-ის აღმასრულებელი დირექტორიც. ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ის პრობლემური საკითხები, რაზეც Human Rights Watch წერს, სახელმწიფოს აქვს მიღებული ევროკომისიის რეკომენდაციების სახით, რაც გასატარებელია.

აქცენტია გაკეთებული გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაზე და ამ უფლებასთან ხელისუფლების დამოკიდებულებაზე და აქცენტი ასევე გაკეთებული არის შეკრებების დროს ადამიანების დაკავების პრობლემურობაზე და ამ პროცესში პოლიციის ინსტრუმენტად გამოყენებაზე, ეს არის საკმაოდ ისტორიული პრობლემა საქართველოსთვის და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ამ ყველაფერს სჭირდება რეალურად ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პასუხები რეფორმების კუთხით, ამაზეა მათ შორის საუბარი ევროკომისიის დასკვნებში და რეკომენდაციებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიცემული,“ - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

Human Rights Watch-მა რამდენიმე საათის წინ უახლესი ანგარიში გამოაქვყენა. ექვსთავიან დოკუმენტში, საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი. საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა „არათანაბარი იყო“, წერს ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია. დოკუმენტში ასევე განხილულია 2023 წლის  სპეცოპერაციები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოწვევად რჩება ჟურნალსტებეე თავდასხმებიც. 

 

მსგავსი სიახლეები