რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფის შედეგი არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების - პაპუაშვილი

12.01.24 15:18
რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფის შედეგი არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების - პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. მმართველი პარტიის წევრები დღეს განმარტავენ, რატომ გახდა საჭირო მსგავს კანონპროექტზე მუშაობა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ წმინდა მარტონას ხატის ირგვლივ განვითრარებული პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებას ემსახურებოდა.

ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ახლებური რეგულაცია იმისთვის, რომ უპირველე ყოვლისა, სამოქალაქო მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი. აქ მთავარი ამოსავალი პრინციპი არის რაში - როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა, ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების. ეს იყო დაგეგმილი კამპანია - როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, დაგეგმეს რომ შობის საღამოსთვის ისტერია აეტეხათ სოციალურ ქსელში, როგორც აკეთებენ ხოლმე ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ის დღესასწაული რომელიც უნდა ეზეიმა ქართველ ხალხს, ეს დღესასწაული ჩაეშხამებინათ,“ - ამბობს პაპუაშვილი.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ვანდალიზმის ფაქტების აღკვეთას ემსახურება.

იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იქნას წახალისებული რელიგიურ ნიადაგზე ვანდალიზმის პროვოცირების საკითხი და ყველა აღმსარებლობა იყოს დაცული ასეთი ტიპის შემოტევებისგან, კარგი არის იმ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი კანონმდებლობის მიღება,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

კიდევ ერთი დეპუტატი, დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა, მას შემდეგ, რაც კანონპროექტს სახელისუფლებო გუნდი შეიმუშავებს, დისკუსიაც გაიმართოს ამ საკითხზე.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი პირები, რომლებიც პირდაპირ მიზანმიმართულად ახდენენ იმ მრავალსაუკუნოვანი რელიგიური გრძნობების ძალიან უხეშად ფეხქვეშ გათელვას. ჩვენ რა თქმა უნდა, შევიმუშავებთ შესაბამის ნორმატიულ ბაზას და საზოგადოებას გავაცნობთ, იქნება საზოგადოებრივი დისკუსიაც იქნებ გაიმართოს ამაზე,“ - ამბობს მათიკაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები