მამუკა ხაზარაძე დღეს "ოცნების" სამიზნე გახდა - "ლელო" მმართველ გუნდს პასუხობს
მმართველი პარტია ივანიშვილის სახელის აუგად ხსენებას არავის პატიობს. გიორგი გახარიას გარდა, "ქართული ოცნების" სამიზნე დღეს მამუკა ხაზარაძეც გახდა. კობახიძის გუნდი, პარტია "ლელოს" თავმჯდომარეს დილიდან შურისმაძიებელს და საკუთარი ამბიციების მსხვერპლს უწოდებს.
მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში ყოფნის მოტივაცია არის მხოლდო და მხოლოდ შურისძიება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი გახდა საკუთარი ამბიციების მსხვერპლი, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების მსახურებას არის შეწირული. აქედან გამომდინარე არის, რომ ეს ადამიანი მის მიმართ შურისძიების გრძნობით არის გამსჭვალული. ჯერ მან თავისი განვლილი გზა შეაფასოს და მერე შეედაროს ბიძინა ივანიშვილს", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კი მამუკა ხაზარაძის ლანძღვა უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანა და "ლელოს" თავმჯდომარეს კომკავშირის ყოფილი მდივანი უწოდა.
არსებობს ასეთი ტერმინი პროექცია, როდესაც ადამიანი საკუთარ პრობლემების და თვისებების პროექციას ცდილობს სხვაზე და ეს ნიშნადობლივია განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ასე ხშირად ახსენებს რუსეთს და მოსკოვს. კომკავშირის ყოფილი მდივანი, რომლისთვისაც მოსკოვი იყო ცენტრი, საერთოდ რომ საუბრობს მოსკოვთან დაკავშირებით, ეს სასაცილოა, ეს არის პროექცია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მამუკა ხაზარაძეზე განხორცეიელებულ იერიშს "ლელოში" პასუხობენ - გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მმართველ გუნდს ხაზარაძისგან სიმართლის მოსმენა ეწყინათ.
"ლელოში" "ოცნებას" უანონსებენ, რომ მმართველი გუნდის წევრებს 289 დღეში მოსკოვში გაქცევა მოუწევთ.
სწყინთ იმ სიმართლის გაგება, რაც მამუკა ხაზარაძის პირით ესმით. სულ მალე, 289 დღეში ისინი იქნებიან მოსკოვში, სადაც არის მათი ერთადერთი ღირსეული ადგილი, იმიტომ, რომ ისინი არიან რუსეთის სამსახურში და როგორც აბაშიძე გაიქცა, როგორც მამალაძე გაიქცა, ასევე გაიქცევიან კურდღლებივით ამ ქვეყნიდან მაშინვე, როგორც კი ეს ხელისუფლება დასრულდება. რაც შეეხება იმ აბსურდულ, ენით აღუწერელ ბოდვას, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ამაზე კომენტარი მგონი სერიოზულ ადამიანს გაუჭირდება. ერთადერთი ვურჩევდი, რომ საკუთარი პარტიის სიებს გადახედონ და დაინახავენ კგბ-ს ინსტრუქტორებს, ცეკას მდივნებს და კრემლის ყურმოჭრილ მონებს", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
მამუკა ხაზარაძის გაშავების კამპანია "ოცნებამ" მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური პროგნოზი საჯაროოდ გათქვა. ხაზარაძეე ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში შემობრუნებული ოლიგაქრი მოსკოვში გაიქცევა.