"საჩუქარი" - ხიდაშელი ივანიშვილის დაბრუნებასა და ოპოზიციის შანსებზე
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოპოზიციისთვის საჩუქარია და ეს ხელისუფლების ოპონენტებმა უნდა გამოიყენონ - ამას "პირველებთან" თინა ხიდაშელი ამბობს.
როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების შემდეგ ოპოზიციამ საკუთარი დღის წესრიგი უნდა შექმნას.
რაც შეეხება ივანიშვილს, ხიდაშელის შეფასებით, მისი გამოჩენა იძლევა შესაძლებლობას, რომ სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლების ქმედებებზე მას დაეკისროს.
რაც ყველაზე მთავარია, ის ხელს ვეღარ შეახოცავს ვერავის, ვეღარ გაიმართლებს თავს იმით, რომ ვიღაცას რაღაც არ ესმის, ვიღაცამ არასწორი პოლიტიკა გაატარა, ის პირადად ხდება ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესის ღია მონაწილე, ანუ კითხვებზე მოპასუხე, ანუ დისკუსიის ნაწილი და მეორე მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი ყველაფერზე, რასაც დღეიდან და 30 დეკემბრიდან დააშავებს ქართული ოცნება.
მე, რომ პოლიტიკაში ვიყო დღეს, ამას მივიღებდი როგორც საჩუქარს, გაუგებარ საჩუქარს. 10 დღეა, ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა და 10 დღეა, ქართული მედია მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს. 10 დღეა, პოლიტიკურ ოპოზიციას, ჯამურად, კოლექტიურად, ყელას ერთად არაფერი შექმნია ისეთი, რაც საინფორმაციო სივრცეს გააჯერებდა და დააკავებდა, ასე თუ გააგრძელებენ, რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა მათთვის არ აქვთ, ბიძინა ივანიშვილი ჩრდილში იქნება თუ საჯარო სივრცეში. მაგრამ თუ ოპოზიცია მოახერხებს, რომ დღის წესრიგი შექმნას, ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი გახდეს, როგორც 2011-ში, მაგალითად, ოპოზიციაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი გახდა, მაშინ რა თქმა უნდა, ეს მათთვის დიდი საჩუქარია,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.