დაჯდება თუ არა ივანიშვილი გახარიასთან დებატებში?
ერთი ყოფილი პრემიერი მეორეს პასუხის მოლოდინშია. საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი კი 30 დეკემბრის შემდეგ თვალით არავის უნახავს და არც გახარიას პასუხობს. სამაგიეროდ, ორი დღეა, "ოცნების" ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ იერიში პარტიის ლიდერებს მიაქვთ, რომლებსაც გახარიამ მშიშარა ბიჭები უწოდა. პოლიტიკური ბრალდებებით დაწყებული დაპირისპირება დღეს ტიკტოკებით და მინიონებით გაგრძელდა. ახალი სტილით ექს პრემიერისა და მისი გუნდის ლანძღვა ირაკლი კობახიძემ დაიწყო.
ახლა მთავარი პოლიტიკური ინტრიგაა, გაბედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დებატებს. ექს პრემიერის გუნდმა გამოკითხვა სოციალურ ქსელშიც კი დაიწყო. გაშავების ახალი კამპანიის მიუხედავად, გახარია უკან მაინც არ იხევს და ივანიშვილის პასუხს ელოდება. "ოცნების" ყოფილი პრემიერი წყობიდან ოლიგარქის განცხადებამ გამოიყვანა. საჯარო პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა ივანიშვილმა გახარიას მთელი ქვეყნის გასაგონად მოღალატე უწოდა.