შტატების რეაქცია ივანიშვილის დაბრუნებაზე და "ოცნების" საპასუხო შტურმი პარტნიორებზე
2024 წელი "ქართულმა ოცნებამ" დასავლელ პარტნიორებზე ახალი შტურმით გახსნა. გორბაჩოვის თანამოაზრეები და მოსყიდულები - ამ ეპითეტებით ამკობდა დღეს სახელისუფლებო გუნდი ამერიკელ დიპლომატებს და ევროპარლამენტარებს. ხელისუფლება სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა ქვეყნის მთავარი პარტნიორების მიმართ. წონასწორობა "ოცნების" წევრებმა მას შემდეგ დაკარგეს, რაც ბრიუსელის შემდეგ უმწვავესი შეფასებების კასკადი ვაშინგტონიდან წამოვიდა.
რატომ დაბრუნდა ოლიგარქი? - "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატები იმ მიზეზებს ასახელებენ, რამაც ოლიგარქი აიძულა ჩრდილიდან გამოსულიყო და მართვის სადავეები ოფიციალურად აეღო ხელში. ავტორიტარული ფიგურა, რომელიც ჩამოშლილი პარტიის რეიტინგის აწევას ცდილობს. რაც შეეხება იმუნიტეტს - ვაშინგტონში ამბობენ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა ოლიგარქს დასავლეთის სანქციებისგან ვერ დაიცავს.