მთავრობა პირობას დებს, რომ სხდომების ოქმებს გამოაქვეყნებს - შეეხება თუ არა ცვლილებები განკარგულებებსაც?
საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ სხდომების ოქმებს გამოაქვეყნებს - ირაკლი ღარიბაშვილის უწყება, რომელიც საზოგადოებას გადაწყვეტილებებს უმალავს, 2024 წელს ღია მმართველობის ეროვნული გეგმის ამოქმედებას აანონსებს.
უკვე რამდენიმე წელია, არავინ იცის, რა გადაწყვეტილებებს იღებენ მთავრობის სხდომებზე. ღარიბაშვილის მთავრობას საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს მოქცეული. ოქმები გასაგებია, თუმცა ახლა საინტერესოა, შეეხება თუ არა ეს ცვლილებები განკარგულებებსაც, რადგან როგორც წესი, ღარიბაშვილის მიერ საიდუმლოდ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებებით ხდება.
განკარგულებების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი.
ენმ-ის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, მთავრობის აალი გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ოპოზიციონერის განცხადებით, "ოცნებას" სურს, რომ არჩევნები მშვიდ რეჟიმში ჩაატაროს.
უკვე მერამდენე წელიწადია ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" მთავრობა არ აქვეყნებს მთავრობის ნორმატიულ აქტებს და ეს ხდება იმ მიზეზით, რომ არ გამომზეურდეს ის კორუფციული, ნეპოტისტური ფაქტები და განკარგულებები, რომლითაც ხდება ხალხის ქონების და ხალხის ბიუჯეტის დატაცება, ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი გვინახავს. მათ ეს ვალდებულება ისედაც აქვთ, რომ პროაქტიულად ანუ, მიღებისთანავე აქვეყნონ ეს მთავრობის შესაბამისი განკარგულებები და ის, რომ მეოთხე კვარტლიდან გააკეთებენ ამას ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გადაგორება უნდათ და მერე კიდევ რაიმე მიზეზს მოიფიქრებენ, რომ ეს დოკუმენტები არ გამომზეურდეს", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
"ლელო საქართველოსთვის" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მთავრობის სხდომების ოფიციალური ჩანაწერების გამოქვეყნებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება, რადგან სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილი მართავს.
ამ სახელმწიფოს არ მართვას მინისტრთა კაბინეტი, არამედ მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თავის მხრივ მართავს პუტინის კრემლი. შესაბამისად მე ვფიქრობ, ასეთ პირობებში ძალიან მწირე აზრი თუ ექნება იმას, გამოქვეყნდება თუ არა მთავრობის სხდომების ოფიციალური ჩანაწერები. მხოლოდ ფორმალური ხასიათის თუ იქნება ნებისმიერი მსგავსი ძალისხმევა", - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.