მოვუწოდებ ივანიშვილსა და ე.წ. პრეზიდენტს, დანიშნონ საქართველოს ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში - ნათელაშვილი

13.01.24 13:32
მოვუწოდებ ივანიშვილსა და ე.წ. პრეზიდენტს, დანიშნონ საქართველოს ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში - ნათელაშვილი

"მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს, სასწრაფოდ დანიშნეთ საქართველოს ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში და მიიღეთ რწმუნებათა სიგელები ბელორუსის ახლადდანიშნული ელჩისგან", - ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

პირველი ლეიბორისტის თქმით, დროა, მთავრობის წარმომადგენლებმა კარგად გაიაზრონ, რომ დიპლომატიაში დაშვებულ შეცდომებს არასასურველი დასასრული მოსდევს. 

მოგეხსენებათ, 2008 წლის შემდეგ ბელორუსის მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დიდი ზეწოლას უძლებს მოსკოვიდან, რომელიც თხოვს მათ აღიარონ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ახლა ვიგებთ საოცარ ამბავს. საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებათა სიგელებს არ იღებს ბელორუსის ახლადდანიშნული ელჩისგან, ხოლო საქართველოს მთავრობა მინსკში არ ნიშნავს საქართველოს ახალ ელჩს, რომელიც უნდა იჯდეს იქ და აკონტროლებდეს ვითარებას სრულიად. ერთადერთი დასკვნა აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ყველაფერი დაგეგმილია მოსკოვში, რომელსაც სურს, გააღიზიანოს ბელორუსის მთავრობა და ხელმძღვანელობა და წაიყვანოს ისინი აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების პლატფორმაზე. სხვა დასკვნის გაკეთება აქედან შეუძლებელია. მე ვაფრთხილებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს, სასწრაფოდ დანიშნეთ საქართველოს ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში და მიიღეთ რწმუნებათა სიგელები ბელორუსის ახლადდანიშნული ელჩისგან. ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ ვისაც ეხება, რომ შეცდომები დიპლომატიაში ტრაგიკული შედეგებით მთავრდება", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები