ამერიკისკენ გაქცეული ქართველები დახმარებას ითხოვენ
ამერიკისკენ გაქცეული ქართველები დახმარებას ითხოვენ - გამკაცრებულ კანონის გამო, ციხეებში მოხვედრილი ადამიანები თაღლითურ სქემაზე ალაპარაკდნენ.
მიგრანტების შესახებ ამერიკამ კანონი იმგვარად გაამკაცრა, რომ ვინც უკანონოდ საზღვარს კვეთს, დევნილის სტატუსის მიღებამდე აპატიმრებენ და მოსამართლის გადაწყვეტილებს თვეობით გისოსებს მიღმა ელოდებიან.
გამკაცრებული წესების შესახებ ყველაფერი იციან ე.წ. გადამყვანებმა, თუმცა, მათი ნაწილი არა-კეთილსინდისიერად იქცევა და ხალხს შუა გზაში ტოვებენ. ვალებით ამერიკაში წასული ადამიანები კი ვალზე ვალს იღებენ, ადვოკატებს ქირაობენ, თუმცა თაღლითური სქემა აქაც მუშაობს.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმიანობა თავიდან ბოლომდე არის არალეგალური, აქ, რა თქმა უნდა, ხშირად არის და თავს იყრიან ყოველთვის თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზებით ახერხებენ ადამიანების მოტყუებას, მაგალითად, ხშირია ფაქტები, როდესაც ჩაიყვანეს, ნიკარაგუაში დაუკავშირდა ვიღაც გადამყვანს, რომელმაც ჩაიყვანა მექსიკამდე, გამოართვა თანხის ძირითადი ნაწილი - 3-4 ათასი დოლარი და მერე უკვე მექსიკიდან აღარ წაიყვანა. გამიზნულად ხდება რაღაც ნომრების გავრცელება და შემდეგ ამ ნომრებზე უკვე ადამიანებს სხვადასხვა თაღლითური სქემით ატყუებენ და თანხებს ძალავენ,“ - ამბობს ანო ხუტაშვილი.
იურისტი გია ხუროშვილი ემიგრანტებს ურჩევს, რომ აშშ-ში ჩასულებმა ლიცენზირებულ ადვოკატებთან დააფორმონ კონტრაქტი და ხელმოწერამდე ადვოკატის ლიცენზიის ნომერი გადაამოწმოს. ამით ის თავს დაიცავს დანაშაულებრივ სქემაში მოხვედრისგან.
თუკი თქვენ უკვე ფეხი დაადგით აშშ-ში და გჭირდებათ იურიდიული სერვისი, მხოლოდ და მხოლოდ, მიაკითხეთ ლიცენზირებულ ადვოკატს აშშ-ში, მოითხოვეთ მისი ლიცენზიის ნომერი და ამის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტი. ამერიკაში ლიცენზირებული ადვოკატის იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკის ტერიტორიაზე და მას არ აქვს უფლება, რომ ასე უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კონსულტაციები გაუწიოს საზღვარგარეთ მყოფ ადამიანს. ეს შეიძლება განვიხილოთ ჩვენ როგორც დანაშაულებრივ სქემაში ჩართულობა,“ - განაცხადა იურისტმა გია ხუროშვილმა.