"სიწმინდის შეურაცხყოფა და მკრეხელობა" - მეუფე შიოს მკაცრი ქადაგება სადავო ხატზე

14.01.24 12:42
"სიწმინდის შეურაცხყოფა და მკრეხელობა" - მეუფე შიოს მკაცრი ქადაგება სადავო ხატზე

„სიწმინდის შეურაცხყოფა და მკრეხელობა,“ - მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძრიდან ნატა ფერაძე გააკრიტიკა. მეუფემ დაგმო სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის ლურჯი საღებავის შეხსმა.

მეუფე შიომ, რომელმაც სამებაში საკვირაო წირვა აღავლინა, ქადაგების დროს კანონის გამკაცრება მოითხოვა. პატრიარქის თანამოსაყდრე მომხრეა, რომ რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს.

დღეს ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვწიოს ამაში - გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და გეცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით და რომ ჩვენი ხალხიც სულიერად ამაღლდეს, რომ აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდნა, ისეთი შეურაცხყოფა სიწმინდის და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც გაბედოს ასეთი რამის გაკეთება,“ - თქვა ამბიონიდან მეუფე შიომ. 

"პირველებს" სამების ტაძარში გამკაცრებული რეგულაციების გამო, მეუფე შიოსთან დამაზუსტებელი კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა - მეუფე შიოს ქადაგების დროს არ უხსენებია წმინდა მატრონას ხატზე დატანილი სტალინის გამოსახულება.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და შემომწირველებს მოუწოდა, რომ ხატში ცვლილებები შეიტანონ და სტალინის გამოსახულება შეცვალონ.

 

მსგავსი სიახლეები