როგორ შექმნეს რუსეთიდან ჩამოსულებმა ე.წ. კომუნები და როგორ აღმოჩნდა საქართველოში სასტუმრო ბიზნესი კრიზისში
საქართველოში სასტუმრო ბიზნესი კრიზისშია. ქვეყანაში ტურისტები აღარ ჩამოდიან. მოგების მარჟა თითქმის 70 პროცენტითაა შემცირებული.
სასტუმროებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია სარესტორნე ბიზნესი, მაგრამ ირკვევა, რომ ქართული ბიზნესი რუსულმა ჩაანაცვლა.
საერთოდ ტურისტის ჭაჭანება არ არის თბილისში, იგივე შემიძლია ვთქვა ბათუმში. გუდაურში პრინციპში არის დღესდღეობით მოძრაობა, ოღონდ ტურისტი როგორც ასეთი, ძალიან ცოტაა.
კურორტები ტირიან იმის გამო, რომ ასეთი შიდა ბრუნვა ხდება - უცხოელს აქვს ნაყიდი ბინა და აქირავებს თავისივე ქვეყნის მოქალაქეზე. თანხა შემოდის და გადის ისე, რომ ჩვენს რეალობაში არ აისახება არანაირად - არც გადასახადი გადაიხდება, არც ჩვენს ბანკში გაივლის ის თანხა, ყველაფერი ხდება უცხოური ბანკით, შევიდა-გავიდა,“ - განაცადა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ კოტე გაბრიჩიძემ.
საქართველოში გადმოსახლებულმა რუსებმა ე.წ კომუნები შექმნეს - რუს ტურისტებს თავად ხვდებიან, ბინებში ანაწილებენ და საკუთარ რესტორნებში მასპინძლობენ ანუ სარგებელს ისევ რუსეთის მოქალაქეები იღებენ და არა ქართველები.
ყველა სფეროს მოედნენ, მათ შორის ტურისტულსაც. აქვთ თავიანთი ტურისტულები, სატრანსპორტოები, მეღვინეობები, მოდებულები არიან მთელ საქართველოს და თავიანთი გიდები ჰყავთ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ ემსახურებიან ისევ ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს და იმ რუსეთის მოქალაქეს, ვინც ჩამოდის ,ურჩევია, რომ ისევ რუსი აიყვანოს და რუსს გადაუხადოს ფული. ეს იმ ვითარებაში, როცა საკმაოდ შემცირებულია ტურიზმი ქვეყანაში, კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში გვაყენებს ყველას, ჩვენ ვინც ამ სფეროში ვართ დასაქმებულები,“ - ამბობს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.
რაც ხდება გუდაურში, მთლიანად კონვეიერია აწყობილი რუსების მიერ, შემოყვანილი ტურისტი, თავისივე სატრანსპორტო მომსახურება, ძალიან ბევრი ბინა აქვთ ნაქირავები და სიტუაცია არის არასახარბიელო. მთავარი აქცენტი გვავიწყდება, რომ საქართველოში ამ მხრივ მთავარი გამოწვევა არიან რუსები, რუსი ტურ-კომპანიები, ოპერატორები, ის ადამიანები, რომლებიც ერთი-ორი წელია ცხოვრობენ საქართველოში, არ იხდიან გადასახადს, არ არიან დარეგისტრირებული თუნდაც მცირე მეწარმედ და ა.შ. რაც გვაყენებს არაკონკურენტულ ვითარებაში,“ - განაცხადა გიდმა ალექსანდრე გიორგაძემ.