დეოლიგარქიზაციის საბოლოო გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, მესამე სექტორის ხედვებს გავეცნოთ - ბეჟაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი დეოლიგარქიზაციის გეგმასთან დაკავშირებით საუბრობს, რომელსაც ენმ დღეს მესამე სექტორთან განიხილავს.
ოპოზიციის წევრის თქმით, საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე, მნიშვნელოვანია არასამთავრობოების ხედვებსაც გაეცნონ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის გეგმა თუ როგორ უყურებს ოპოზიცია ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობის პრობლემებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის კუთხით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საკანონმდებლო რეგულირების კუთხით და მოწესრიგდეს ელიტური კორუფციის არსებული პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ერთი სიტყვით, დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ჩვენ ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. იმავდროულად, სამთავრობო პროგრამა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არის ძალიან ბუნდოვანი, ძალიან ზოგადი დებულებებით განმარტებული და შესაბამისად, ძნელია კონკრეტიკა დაინახო ამ დოკუმენტში. ჩვენი, ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის, რომ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საკითხებით იყოს განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტი, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.