ვოლსკი: რუსეთის ურთიერთობა განსხვავდება იმ ურთიერთობისგან, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გაგვაჩნია
"რუსეთს თავისი ურთიერთობები აქვს ჩინეთთან, საკმაოდ სპეციფიური, აბსოლუტურად განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, იმ ინტერესებისგან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩინეთთან ორმხრივ ურთიერთობაში", - ამ განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით აკეთებს.
ვოლსკის თქმით, ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საყოველთაოდ ცნობილია, ისევე, როგორც ჩინეთმა იცის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოზიციები.
"საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების - ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია", - ამბობს ვოლსკი.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია.
საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია.
ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ხედვები მოდერნიზაციის თაობაზე, ჩინეთში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაზედაც ასევე ადრე ნაკლებად საუბრობდნენ ჩინეთში და მათი დაძლევის გზებზე. ხვალაც ძალიან საინტერესო შეხვედრებია დაგეგმილი და შემდეგ გავემგზავრებით შანხაიში, სადაც იქნება კონკრეტული საუბარი ეკონომიკური დარგის განვითარებაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.