ძალადობა აქტივისტზე - "ოცნების" ბრალდებული მაღალჩინოსნები
"ქართული ოცნების" მოძალადე მაღალჩინოსნები - პროკურატურას ორი წელი დაჭირდა, რომ კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის და აპარატის უფროსისთვის ბრალი წარედგინა. დღეიდან მათ განსასჯელის სტატუსი აქვთ. თუმცა მკაცრი სასჯელისთვის მაინც არ გაწირეს. ორივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ისინი თავისუფლებაზე დაელოდებიან საბოლოო განაჩენს და დაკავებულ თანამდებობებსაც ინარჩუნებენ.
ორივე მათგანი სამოქალაქო აქტივისტის ცემაშია ბრალდებული. დაზარალებულის ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებს კლანი მფარველობს და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტურია. სასამართლო პროცესიც სავარაუდოდ ფორმალობა იქნება და საკრებულოს მაღალჩინოსნებს მხოლოდ სიმბოლური სასჯელი ემუქრებათ. ამიტომ უფლებადამცველები სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში ამზადებენ.