გახარია არ იქნება გაერთიანების ნაწილი, მან ივანიშვილის დანაღმულ ველზე უნდა იბალახოს - სანიკიძე
შეიქმნება თუ არა დიდი ბლოკი "ქართული ოცნების" რეჟიმის დასასრულებლად - პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათი გაერთიანება ერთადერთი და მთავარი გასაღებია მმართველი პარტიის დასამარცხებლად.
ქართველი პარლამენტარის თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერთიანების ნაწილი არ იქნება, რადგან მან "ივანიშვილის დანაღმულ ველზე უნდა იბალახოს".
"ქართული ოცნების" მოსაწონს ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილს მოსაწონია, ჩვენ რომ ახლა ყველა საფლავებში ვიწვეთ, ბედნიერი იქნება ამით, მაგრამ ისევ გეუბნებით, ვიფიქროთ იმაზე, რომ იქნებ ზაფხულში მაინც მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ დიდი გაერთიანება, დიდი ბლოკი გავაკეთოთ, რადგან ამ ქვეყანაში იგებენ დიდი ბლოკები ხალხო, საკუთარ ისტორიას გადავავლოთ თვალი. მრგვალი მაგიდა იყო, მერე მოქალაქეთა კავშირი, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" ბლოკი იყო. ყველა არ გამოვა, მაგრამ კრიტიკულად მთავარმა პარტიებმა უნდა მოიყარონ თავი. ცოტა მეეჭვება, რომ ამ დიდ გაერთიანებაში გახარია აღმოჩნდეს, რადგან გახარია აქეთ თუ წამოვიდა ერთ ხმას ვერ აიღებს, არაფრის მომტანი არ იქნება და არც წამოვა. გახარიამ უნდა იბალახოს ბიძინას დანაღმულ ველზე. იქით იბოქსავებენ ბიძინა და გახარია, ეს არის ფაქტი უკვე", - აღნიშნა სანიკიძემ.