ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ს სახდეპის კოორდინატორის ვიზიტი თბილისში - როგორ აფასებენ ოპოზიციაში
საქართველოში ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ს სახდეპის კოორდინატორი დღეს საღამოს ჩამოდის - ოპოზიცია გეგმავს, რომ ყველა იმ კორუფციული გარიგებების თუ სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ელიტური კორუფციის წინააღმდეგ არაეფექტურია.
"ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებით და მის მიერ გაკეთებული განცხადებით კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით, ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ.
ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და საჯაროდ თქვა, რომ კორუფციის რისკების დასაზღვევად დავბრუნდი პოლიტიკაშიო, ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილის გუნდი რამდენიმე კვირით ადრე გვიმტკიცებდა, რომ მათ შექმნეს ანტიკორუფციული ბიურო და სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუციას ჩაბარდა კორუფციის პრევენცია და გაუგებარია, თუ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებით ფუნქციონირებენ კორუფციის პრევენციის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მაშინ ივანიშვილის განცხადება სად ჯდება ამ ლოგიკაში. მან თავისი განცხადებით, დავუჯერებთ თუ არ დავიჯერებთ, ერთია, რომ ეს არის მიზეზი, მაგრამ თავისი განცხადებით ფაქტობრივად თქვა, რომ ქვეყანას სარ ჰყავს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ეფექტიანად ახდენს კორუფციის პრევენციას,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ს სახდეპის კოორდინატორის ვიზიტს დადებითად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღოს.
მაშინ, როდესაც კორუფციამ მოიცვა ელიტური კორუფციაც, უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები არიან ჩართული, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში სერიოზული კორუფციული ბრალდებები არის, თბილისის მერთან მიმართებაში, საკრებულოებში პრაქტიკულად კორუფცია მძვინვარებს ადგილობრივ ბიუჯეტში, ბუნებრივია, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მკაცრი გაფრთხილება მისცენ ქვეყანას,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.