ქონების სააგენტო: მთავრობამ ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულება გადაუვადა

16.01.24 20:12
ქონების სააგენტო: მთავრობამ ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულება გადაუვადა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა.

როგორც სააგენტო აცხადებს, ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას პრივატიზების პირობების შესრულების ვადა 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდა.

აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი: მათ შორის, ინვესტიციის ოდენობა, რომელიც 20 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აუდიტის დასკვნების საფუძველზე, 50 მლნ ლარამდეა განხორციელებული.

გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მასშტაბური პროექტის დასრულების ვადების ერთი წლით გადაწევის შესახებ, როგორიცაა სიღნაღში 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ გახდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში“, – ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ რომ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში, ამის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გაავრცელა. თუმცა, როგორც TI აცხადებდა, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები