ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას გავს - ხვადაგიანი პაპუაშვილის განცხადებაზე

16.01.24 21:53
ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას გავს - ხვადაგიანი პაპუაშვილის განცხადებაზე

„ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას გავს“, - ასე აფასებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ეკლესიის მტრებად კრიტიკოსების მოხსენიებას.

ხვადაგიანის შეფასებით, პაპუაშვილის განცხადებამ აჩვენა, რომ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას ცდილობს ახლა ხელისუფლება ეკლესიასთან ერთად და ახალ სტრატეგიას იმუშავებენ.

განათლებული ადამიანისთვის გამაღიზიანებელი თუ სასაცილო არ არის, როდესაც ასეთი რეჟიმის წარმომადგენელი მოქალაქეებს, რომლებიც ტოტალიტარულ სიმბოლოს აპროტესტებენ, ეძახის ბოლშევიკებს, როდესაც თვითონ არიან ორგანული გაგრძელება რუსული ყაიდის ტოტალიტარულ-ბოლშევიკური სისტემის, ამ მეთოდებს იყენებენ და ეს არ არის ახალი, რომ ამაზე ექნება აგებული მთელი თავისი რიტორიკა. არის ასეთი ძველი, ფრთიანი გამონათქვამი, რომ უკანასკნელი თავშესაფარი ასეთი მორალის ადამიანებისთვის არის პატრიოტიზმი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია პარალელი გავავლოთ, რომ ამათი უკანასკნელი თავშესაფარი იქნება ფსევდო-რელიგიურობა. მარტის აქციების დროს, მათ ამისთვის მზადება ჰქონდათ და დღემდე ქუჩების ნაწილში არ არის ჩამოხეული პლაკატები, სადაც ჩვენი რიგი თანამოქალაქეები არიან გამოსახული, ხელისუფლების მიერ არის გაკრული, რომ ესენი ეკლესიის მაგინებლები არიან, გასაგებია, რა მასაზეა ეს რიტორიკა გათვლილი.
იგივე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ერთი მხრივ, წააგავს ამ მომენტში ჩხუბის შემდეგ ხელების ქნევას, იმიტომ, რომ გასაგებია, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ძალიან დაზიანდნენ რეპუტაციულად როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ისე ხელისუფლება, რამდენად ისინი ერთი ბანაკის წარმომადგენლები არიან," - ამბობს ხვადაგიანი.

სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც  კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა. 

 

მსგავსი სიახლეები