"თბილისის კოშმარი და ბიუჯეტის ქურდი" - ენმ კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება წერეთლის გამზირის გაჭიანურებულ და ფაქტრობივად, ჩავარდნილ პროექტს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კორუფციის რისკებზე მიანიშნებს. ხაბეიშვილის გუნდში ამბობენ, რომ თბილისის მერიის მიერ დადებული გარიგებები საეჭვოა და მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.
კახი კალაძე გახდა თბილისის კოშმარი, ვინაიდან თბილისს ჰყავს თაღლითი კორუმპირებული მერი. კახი კალაძეს კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კახი კალაძე არის თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. სწორედ კახი კალაძე გასცემს ხელშეკრულებებს იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. არის პოლიტიკური კორუფცია. ფაქტობრივად, თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება რუსული პარტია და ამას ნამდვილად სჭირდება გამოძიება. ჩვენ ახლა ვაპირებთ კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცება წავიღოთ თბილისის მერიაში, ეს ტალახი უნდა მივუტანოთ კახი კალაძეს და ცხვირწინ დაიდოს, კარგად შეხედოს თავის დანაშაულს, აიღონ პასუხისმგებლობა მომხდარზე და წავიდნენ. თუ ვინმეს უნდა გაუწყვიტონ ხელშეკრულება პირველ რიგში, თბილისელებმა უნდა გაუწყვიტონ ხელშეკრულება კახი კალაძეს და „ქართულ ოცნებას“, ეს არის გადამგდები რუსული პარტია, რომელიც ძარცვავს ჩვენს თბილისელებს, რომლებსაც უწევთ წასვლა ამ ქვეყნიდან, რადგან არ აქვთ შემოსავალი, ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, ამ კორუფციაზე პასუხისმგებელია პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია. ახლა ჩვენ ავიღებთ ამ ტალახს, კალაძის კორუფციულ ტალახს და წავიღებთ როგორც ნივთიერი მტკიცებულებას თბილისის მერიაში,- განაცხადა ლაშა ფარულავამ
ვასილ ურუშაძე პირდაპირ ამბობს, რომ კალაძე კონტრაქტებს მხოლოდ "ქართული ოცნების" შემომწირველ კომპანიებს უფორმებს, რაც კორუფციაზე მიანიშნებს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთ ინფრასტრუქტურული პროექტი პრობლემის გარეშე არ განხორციელებულა. თითქმის ყველა პროექტთან მიმართებაში ჰქონდა არაერთი გადავადება, ჰქონდა პრობლემები და კითხვის ნიშნები შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით და ასევე არსებობდა კითხვები კორუფციულ ინტერესებთან მიმართებაში. თითქმის ყველა კომპანია, რომელიც არის ტენდერში გამარჯვებული, არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი და მჭიდროდ დაახლოებული როგორც კახი კალაძესთან, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან, რაც არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, ფლანგვა მილიონობით ლარის, თბილისელების, საქართველოს ბიუჯეტის ფლანგვა, რაც არის კლასიკური გაგებით კორუფცია და ამ ყველაფერზე გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა კახი კალაძემ უნდა აგოს სამართლებრივი პასუხი. კახი კალაძის დღეები არის დათვლილი, მას აუცილებლად მოუწევს მის კორუფციულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება და თბილისელების ფულის მოპარვა არავის არ შერჩება, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.