მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ყველაზე მეტს ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიას უხდის - "პირველების" ინფორმაცია დადასტურდა
თბილისის მერიის მაშველი რგოლი ბერა ივანიშვილის მეგობარი აღმოჩნდა. დადასტურდა, ის რასაც "პირველები" ჯერ კიდევ გუშინ გიყვებოდათ. კალაძის უწყებამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ყველაზე მეტის გადახდა, კომპანია "პარმასთვის" გადაწყვიტა. ხუთ მილიონზე მეტს დავით თოფურიას კომპანიას ჩაურიცხავენ.
შერჩეულია კიდევ სამი კონტრაქტორი. კონტრაქტების ღირებულება 17.5 მილიონი ლარია და ის კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
“ბლექ სი გრუპი” - 4 მილიონი ლარი;
“პარმა” - 5.6 მილიონი ლარი;
“ენკო” - 3.5 მილიონი ლარი;
“ჯეუ გრუპი” - 4.4 მილიონი ლარი.
კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, კომპანია "პარმასთან" ხელშეკრულება ნოემბრის შუა რიცხვებში იყო გაფორმებული. აქ ისმის კითხვა, თუ "პარმასთან" კონტრაქტი ნოემბერში გაფორმდა, მაშინ რა საჭირო იყო კომპანიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება თავიდან.
კომპანია "პარმასთან" ნოემბრის შუა რიცხვებში იყო გაფორმებული ხელშეკრულება. დეკემბრის დასაწყისიდან ეს კომპანია აქტიურად მუშაობს წერეთლის გამზირზე ტროტუარების მოწესრიგების ნაწილში. ის რომ თქვენ გუშინ არ ვიცი ვინ ჩაწერეთ და თუნდაც, კომპანია "პარმას" წარმომადგენელი ყოფილიყო, კონკრეტული პიროვნება გუშინ თუ გამოვიდა ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ კომპანიას გუშინდელ დღემდე არ უმუშავიათ? არ ვიცი, ეს ვის თავში იხარშება, რომ კომპანიების შერჩევის დროს ჩვენ ვსხედვართ და ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ არის პარტიის შემომწირველი, ვინ არის კონკრეტული პირის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი, ეს არის აბსურდი. თქვენ რა ინფორმაციაც მითხარით ახლა პირველად გავიგე", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა. ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.