როდის დასრულდება წერეთლის გამზირის საბოლოო რეაბილიტაცია - ბენდელიანის პასუხი
როდის დასრულდება წერეთლის გამზირის საბოლოო რეაბილიტაცია - თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად იქნება გახსნილი. ამის შემდეგ მცირე სამუშაოები იქნება დარჩენილი და ბენდელიანის თქმით, მარტის შუა რიცხვებში სრულად მოწესრიგდება დედაქალაქის ეს მონაკვეთი.
იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება გახსნილი. რაც შეეხება ამის შემდგომ, დარჩენილი იქნება წერეთლის გამზირზე ტროტუარის რაღაც გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები. შეიძლება, დარჩენილი იყოს რამდენიმე ავტობუსის მოსაცდელის მონტაჟი, კონკრეტული გარე განათების ბოძის დამონტაჟება. მცირე სამუშაოები იქნება. ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნება იანვრის ბოლოს. რაც არ დასრულდება შეიძლება, დამატებით საჭირო გახდეს დაახლოებით თვე ნახევარი, ეს კლიმატურ პირობებზეც არის დამოკიდებული. მარტის შუა რიცხვებში სრულად დავამთავრებთ", - ამბობს ბენდელიანი.
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა. ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.