"ხალხის ძალა" პარტიის დაფუძნებას აანონსებს
"ხალხის ძალა" პარტიის დაფუძნებას აანონსებს. რადიკალურად განწყობილი დეპუტატები არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ. რუსული კანონის ავტორი "ოცნების" დეპუტატები "პირველებს" უდასტურებენ, რომ პარტიის შესაქმნელად კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია გადასული.
ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, რასაც ჰქვია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას. უახლოეს პერიოდში თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს, თუ რა პოლიტიკური სტატუსით წარვდგებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფორმირება გახდა აუცილებელი და ჩვენ აუცილებლად ამ ფორმით თუ იმ ფორმით, ამ პოლიტიკით, რასაც ჰქვია ხალხის აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში, მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება ბარიერის გადალახვა-არგადალახვის საკითხს, ჩვენ დარწმუნებული იმაში ვართ, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც შექმნა „ხალხის ძალამ“, - თქვა დღეს გურამ მაჭარაშვილმა.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება თავად "ხალხის ძალამ" უნდა მიიღოს. მათი მტკიცებით, პრორუსული ამომრჩეველი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ არის.
თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ცალკე პარტიად, მე არ მგონია, რომ ეს უარყოფითი ფაქტორი იყოს „ქართული ოცნებისთვის“. თითქოს და ისინი არიან პრორუსული განწყობის და ა.შ., მე ასე არ ვხედავ ამ საკითხს და არ მიმაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ერთგვარი დეზინფორმაციის ნაწილია, როდესაც, მაგალითად, მათივე ინიციატივა იგივე ტრანსფარენტულობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მონათლული იქნა როგორც რუსული ინიციატივა. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. მე არ მგონია, რომ მათი დარჩენა რაიმე ფორმით ნეგატიური ფაქტორი იყოს, პირიქით, და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად გული დამწყდა, როდესაც ეს ხალხი გავიდნენ ჩვენი პარტიიდან, - ამბობს სარჯველაძე.
ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე ბიძინა ივანიშვილი.