კალაძე ხვდება, რომ "ოცნების" დამარცხებაში დიდი წილი მისი კორუფციული საქმიანობების ბრალი იქნება, ამიტომაა ასე გამწარებული - ნაცვლიშვილი
კახა კალაძე ხვდება, რომ "ოცნების" დამარცხებაში დიდი წილი მისი კორუფციული საქმიანობების ბრალი იქნება, ამიტომაა ასე გამწარებული- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ირგვლივ არსებულს საკითხს გამოეხმაურა.
კალაძე, რომელიც ვერც ერთ საქალაქო მიმართულებას თავს ვერ აბამს თავისი კორუფციული ბუნების გამო და ქალაქი არის სრულიად მიტოვებული, ეს არის კალაძის და მისი კორუფციული გარიგებების ბრალი. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ "ქართული ოცნების" დამარცხებაში დიდი წილი იქნება სწორედ კალაძის კორუფციული და უთავბოლო საქმიანობების, ამიტომ არის ასე გამწარებული", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა. ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.