დავოსის ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც შუა დერეფნით არიან დაინტერესებულნი - დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც გასულ წელს, ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემა ამჯერადაც შუა დერეფანია.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის - მათ შორის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს.
„ჩვენთვის შუა დერეფნის განვითარება და პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც შუა დერეფნით არიან დაინტერესებულნი - ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ზოგი მათგანი შუა დერეფანში იქნება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების კუთხით და ზოგადად ამ სფეროს უკეთესად გამოსაყენებლად.
შუა დერეფანი მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და წლის განმავლობაში, არამხოლოდ დავოსში, გვაქვს სხვა არაერთი შეხვედრა და ფორმატი, სადაც მისი განვითარების შესახებ იქნება საუბარი. ეს გახდა აქტუალური არამხოლოდ შუა დერეფნის წამყვანი ქვეყნებისთვის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის, ამ დერეფნით და მისი საიმედოობით დაინტერესებულია როგორც მიმღები ქვეყნები - ევროკავშირი, ასევე ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, შუა დერეფნის აქტუალობა დავოსში არ განელებულა და პირიქით, ის გადავიდა უფრო კონკრეტული განხილვის ფორმატში - ამ შემთხვევაში საუბრებია კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი დავოსის 54-ე ფორუმში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.