როდესაც ისეთი კომიკური პერსონაჟი საუბრობს ტყვიის შემცველობაზე, როგორიც ღარიბაშვილია, ეს მძიმე თემაც სასაცილო ხდება - ნაცვლიშვილი
როდესაც ისეთი კომიკური პერსონაჟი საუბრობს ტყვიის შემცველობაზე დავოსის ფორუმზე, როგორიც ღარიბაშვილია, ეს მძიმე თემაც სასაცილო ხდება - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილის თქმით, ძალიან სევდიანია, რომ საქართველოს ხელისუფლება შანსს არ იყენებს, რომ რუსეთის აგრესიული და უკანონო ომის კონტექსტში ქვეყნის უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობები და გარანტიები წამოიღოს ამ დიდი მნიშვნელობის ფორუმიდან.
სისხლში ტყვიის შემცველობა, სინამდვილეში, ძალიან მძიმე და ადამიანისთვის საშიში მოვლენაა, რომლისგან დაცვასაც მართლა სჭირდება ხელისუფლების და ხელისუფლებების ერთობლივი ძალისხმევა.
მაგრამ ისეთი კომიკური პერსონაჟი რომ საუბრობს ამაზე დავოსის ფორუმზე, როგორიც ღარიბაშვილია, ეს მძიმე თემაც სასაცილო ხდება.
ამით, თემის დღის წესრიგში წინ წაწევის და მოქმედების ნაცვლად, რაც უნდა იყოს მიზანი, თემა ზიანდება და უფასურდება.
ზუსტად ისე, როგორც ბავშვთა შიმშილი რეალური და უმძიმესი თემაა, მაგრამ როცა პოლიტიკურად მიუღებლად ქცეული პრემიერი ამ საბაბით გადააყენა "ოცნებამ" წლების წინ, თემა დაზიანდა და საქმემ კი ბავშვთა შიმშილის წინააღმდეგ ერთი მისხალითაც ვერ წაიწია წინ!
ძალიან სევდიანია, რომ საქართველოს დავოსის ფორუმზე ეს გროტესკი წარმოადგენს, მაშინ როდესაც ყველა გარემოებაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება აწიო, რუსეთის აგრესიული და უკანონო ომის კონტექსტში შენი ქვეყნის უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობები და გარანტიები წამოიღო.
პატრიოტი და გონიერი ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ემსახურება, ამას გააკეთებდა.
რუსეთის მსახური კი როგორ წყალს ატანს ამ შანსებს, ვხედავთ", - წერს ნაცვლიშვილი.
რისთვის ჩავიდა ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში - იმ დროს, როდესაც შვეიცარიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები რუსეთის აგრესიის შეჩერების გზებსა და უკრაინის დახმარებას განიხილავენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერმა ტყვიის შემცველობის პრობლემებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან ერთად მოხვდა, სადაც ილაპარაკა, როგორი საზიანოა ადამიანისთვის სისხლის ტყვიიის მაღალი შემცველობა და როგორ ებრძვის საქართველო ამ ახალ გამოწვევას.