ფორბსი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტ ბიზნესს იწყებენ უცხოეთში
საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტ ბიზნესს აფუძნებენ უცხოეთში, – წერს „ფორბსის“ რუსული გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მნიშვნელოვნად გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ქვეყნებს.
თავის მასალაში რუსული „ფორბსი“ ეყრდნობა კომპანია „ფინიონის“ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023-ში საქართველოში არა ნაკლებ 13 000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, ყაზახეთში 6100, სომხეთსა და ჩერნოგორიაში კი 3400-3400.
გარდა ამისა, ამავე სტატისტიკაში ნათქვამია, რომ 2022-ის თებერვლიდან 2023-ის თებერვლამდე რუსეთის 16 000 მოქალაქე დარეგისტრირდა ინდმეწარმედ საქართველოში.
მიზეზები საქართველოში კომპანიების ესოდენ მასობრივად გახსნისთვის რამდენიმეა: გარდა უშუალოდ სტატისტიკურისა, ანუ ამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების აქტიური ჩასვლის, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა. ინდმეწარმე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია, არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, სანამ 100 000 ლარის ბრუნვას არ მიაღწევს. გარდა ამისა, საქართველოში რუსებსა და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს-საქმიანობისთვის“, – ამბობს კომპანიის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი.