ოლიგარქის მარცხი შვეიცარიულ ბანკთან - რა ელის ივანიშვილს?
ოლიგარქის მარცხი - ივანიშვილმა მორიგი დავა წააგო. თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა ოლიგარქის ადვოკატებს ვერდიქტი გააცნო. გამოძიებამ ვერ იპოვა ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება. ამიტომ ძიება დასრულებულია და საქმე დახურულია. ქართველი ოლიგარქის ბრალდებები შვეიცარულ "კრედიტ სვისისა" და მის პირადი ბანკირის წინააღმდეგ ჟენევის პროკურატურამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება იმ სასამართლო დავებზე, რომელსაც ოლიგარქი "კრედიტ სვისის" წინააღმდეგ აწარმოებს. არ არის გამორიცხული, დავების მოგების შემთხვევაშიც ივანიშვილისთვის ფულის დაბრუნების პროცესი დიდი ხნით გადავადდეს. ამის მიზეზი კი მოსალოდნელი სანქციებია. მორიგი წაგებული საქმის შემდეგ კი ოლიგარქის სადარაჯოზე ისევ "ოცნება" გამოვიდა. ევროპელ სამართალდამცველებს შანტაჟში ადანაშაულებენ და იმუქრებიან, რომ ყველას, ვინც ივანიშვილს ებრძვის ღმერთი დასჯის.