სეირნობისთვის სააკაშვილს ვერავინ გაიყვანს, მაგალითად, აღმაშენებლის ხეივანზე - სარჯველაძე
"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის "ვივა მედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ემხრობა. მმართველი პარტიის დეპუტატები ამბობენ, რომ როგორც კი რეკომენდაცია იქნება, უნდა გადაიყვანონ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მძიმე ანგარიშში მოყვანილ კრიტიკულ შენიშვნებსაც ეხმაურება.
რა წამს აღარ იარსებებს საჭიროება და რეკომენდაცია, რომ ის იმყოფებოდეს სამედიცინო პროფილის დაწესებულებაში, ის უნდა იქნას გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი. მეორე, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სეირნობის შესაძლებლობა არ აქვს -დიახ, რა თქმა უნდა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა პენიტენციურ დაწესებულებაში, გასაგებია ახლა, რომ სეირნობისთვის მას ვერავინ გაიყვანს, მაგალითად, აღმაშენებლის ხეივანზე,“ - ამბობს სარჯველაძე.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის უფლებები "მაღალი სტანდარტით" არის დაცული, სხვა ყველა კრიტიკა კი, მისი შეფასებით, დეზინფორმაციაა.
მისი უფლებები არის მაღალი სტანდარტით დაცული. შესაბამისად, ეს არის ის ფაქტი, რომელიც ევროპული სასამართლოს მიერ არის აღიარებული და დამტკიცებული და ნებისმიერ საუბრები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ დეზინფორმაციის ნაწილი უნდა იყოს, თუმცა დეზინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისგან არ გვიკვირს, ვინაიდან ეს მათი სავიზიტო ბარათია,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.