60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია "ოცნებას", როცა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია - ხვიჩია
"60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია", - ამ განცხადებას "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია აკეთებს.
ხვიჩია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ამით თავის თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებს.
„ოპოზიცია რომ მძიმე დღეშია, ეგ ისედაც ცხადია, ეჭვი არავის არ ეპარება, უბრალოდ, როცა ამას „ქოცები“ ამბობენ, მე ჩემს თავზე არ ვიღებ. როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, პირველ რიგში იგულისხმება, რომ მათ იდეები არ გააჩნიათ და მე და ჩემი პარტია ამით განსხვავებულები ვართ.
რაც შეეხება 60%-იან ამბავს, 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, ისინი თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებენ.
მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოც-ნაცურ“ ქვეყანაში თუ რამე განსხვავებულში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.