პუტინმა რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის ქონების დაცვის შესახებ განკარგულება გამოსცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ქონების იურიდიული დაცვისთვის ფინანსური რესურსი გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოსცა. დოკუმენტი 18 იანვარს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, განკარგულება ვრცელდება რუსეთის ყოფილი იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ქონებაზე.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ ქონების მართვის სახელმწიფო კომპანია მიიღებს ფინანსურ უზრუნველყოფას ხარჯებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის უძრავი ქონების მოძიებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით.
რუსული გამოცემების ცნობით, 11 იანვარს ლატვიის სეიმმა რიგაში «Дома Москвы»-ს სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ კანონი მიიღო. ამ ქონების რეალიზების შედეგად მიღებული რესურსი უკრაინის დასახმარებლად მიიმართება. ამავე დღეს რუსეთის საელჩომ სეიმის აღნიშნული გადაწყვეტილება „სამართლებრივ თვითნებობად და სახელმწიფო ძარცვად“ შეაფასა. უწყებამ ლატვიის მხარე გარდაუვალი საპასუხო ზომების შესახებ გააფრთხილა, რომელიც მათ შორის მატერიალური ზარალისა და «Дома Москвы»-ს მუშაობის შედეგად მიღებული დანაკლისის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენას მოიცავს.