პაპუაშვილი USAID-ს კი არა ყველა იმ დამოუკიდებელ ორგანიზაციას ებრძვის, რომელსაც "ოცნება" ვერ აკონტროლებს - NGO-ების პასუხი

20.01.24 15:46
პაპუაშვილი USAID-ს კი არა ყველა იმ დამოუკიდებელ ორგანიზაციას ებრძვის, რომელსაც "ოცნება" ვერ აკონტროლებს - NGO-ების პასუხი

შალვა პაპუაშვილის USAID-ის წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები "პირველებთან" ამბობენ, რომ მმართველი პარტია ყველა დამოუკიდებელ ორგანიზაციას ებრძვის და ილტვის საქართველოში იმ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისკენ, რომელიც კომუნისტურ ქვეყანაში, ჩინეთში არის გაბატონებული.

ქართულ-ევროპული ინსტიტუტის დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის თქმით, USAID-ზე თავდასხმები და ამავდროულად, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობების დაახლოება, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებზე მიანიშნებს.

სინამდვილეში პაპუაშვილი USAID-ის კი არ ებრძვის, ის ებრძვის ყველა იმ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელსაც ვერ აკონტროლებს "ქართული ოცნება". ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში დაამყარონ იგივე რეჟიმი, რომელიც მათთვის სულიერად ახლობელ ჩინეთის ავტორიტარულ, კომუნისტურ პარტიაში არის. ანუ, დარჩნენ ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში დღის წესრიგს. USAID-ზე თავდასხმები და ამავდროულად, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობების დაახლოება, რა თქმა უნდა, მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებზე. არანაირად არ აისახება დადებითად საქართველოს იმიჯზე. ეს მიზნად ისახავს, მხოლოდ და მხოლოდ, დამოუკიდებელი, თავისუფალი სივრცეებისა და ადამიანების დაშინებას და ყველას დამორჩილებას "ქართული ოცნების" დღის წესრიგისადმი", აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი გურო იმნაძე ამბობს, რომ USAID-ზე თავდასხმა აზიანებს პარტნიორობას და აუარესებს ნდობას მხარეებს შორის.

თუკი ერთი მხარე მუდმივად აგრძელებს მეორე პარტნიორის მიმართ არასწორი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, როგორი ღირებულიც არ უნდა იყოს ეს პარტნიორობა, ცხადია, ეს მოქმედებს მერე მის ხარისხზე. USAID-ისა და ამერიკის მხარისთვის ცხადია, საქართველო რჩება სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ თუკი ქართული მხრიდან გაგრძელდება მსგავსი რიტორიკა, ეს ცხადია, აზიანებს პარტნიორობას, აუარესებს ნდობას მხარეებს შორის, რაც უკვე მერე შეიძლება აისახებოდეს იმაზე, რომ მომავალში ისეთივე მყარი, წარმატებული პარტნიორობა მხარეებს შორის აღარ აისახებოდეს. იმედია ეს ასე არ მოხდება, თუმცა იგივე ის, რომ USAID-ის საკმაოდ ხშირად უწევს თავის მართლება იმაზე, რაზეც არ უნდა იმართლებდეს თავს, ცხადია, ეს ქმნის პრობლემებს USAID-ისთვისაც, რადგან ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება შეიძლება, არა პარტნიორულ, არამედ ჩასაფრების მდგომარეობაში იყოს", - ამბობს გურო იმნაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ს მადლობას უხდის, შალვა პაპუაშვილი კი ლანძღავს - თავდასხმის ახალი კამპანია სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ წამოიწყო. 

ამერიკული ორგანიზაცია თავდასხმის ობიექტი იმ მიზეზით გახდა, რომ იგი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტოლერანტობის ცენტრს აფინანსებს, რომელიც მატრონა მოსკოველის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს.

მსგავსი სიახლეები