ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ - მანჯგალაძე "ოცნებას"

20.01.24 15:34
ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ - მანჯგალაძე "ოცნებას"

ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს.

მანჯგალაძის შეფასებით, "ოცნება" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას.

მისივე თქმით, პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარი განცხადებებით სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებენ.

„ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას, ქრისტეს, საერთო არ აქვს არც ეკლესიასთან, არც ქრისტესთან. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე საუბარს გააგრძელებს, შემიძლია უფრო ღრმად გავყვე ამ საკითხებში, რა მასშტაბის მკრეხელობა და ფარისევლობაა, ქრისტე გამოიყენო არჩევნებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი. ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც სხვადასხვა დროს ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ.

ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, რომ ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები ერთია. მე ვარ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ორიენტირებული? - არა! პაპუაშვილი აღვივებს ამ დაპირისპირებას თავისი განცხადებით. „ქართული ოცნების“ ლიდერები აღვივებენ იმიტომ, რომ არც ქრისტიანები არიან, არც ტრადიციული ღირებულებების დამცველები, არც 60% არ აქვთ. ერთიც, მეორეც და მესამეც ტყუილია და რატომ, იცით? მეფე რომელიც ამტკიცებს, რომ მეფეა, მეფე არ არის. შესაბამისად, არც მორწმუნეა, არც ქრისტიანია, არც ტრადიციების დამცველია და არც 60% აქვს, 60 კი არა 40%-იც კი არ აქვთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს“.

მისივე თქმით, კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია და ის USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

 

მსგავსი სიახლეები