ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ველოდები კონკრეტული პირების მხილებას, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართული - ბესელია
იქნება თუ არა დიდი გადალაგება "ქართულ ოცნებაში" - რისთვის დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ? მთელი თვეა, არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ კორუფციაზე მინიშნება ოლიგარქის მხრიდან შემთხვევითი არ ყოფილა.
სახელისუფლებო პარტიის ყოფილ წევრებს, რომლებიც ივანიშვილის ბუნებას კარგად იცნობენ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ პარტიაში გადაჯგუფებები იქნება. კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებენ, თუმცა როდესაც საუბარი სავარაუდო კორუფციაზე იწყება, პრემიერის შესაძლო გაშვებაზე მიანიშნებს ყველა.
პოლიტიკოსი ეკა ბესელია "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებობს კორუფციის დიდი რისკები და ივანიშვილის სიტყვა ყრილობაზე შემთხვევითი არ ყოფილა. მისი თქმით, საზოგადოება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელოდებიან იმ კონკრეტული პირების გამომჟღავნებას, რომლებიც სახელისუფლებო გავლენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.
ბიძინა ივანიშვილის გზავნილები მისსავე მოწვეულ ყრილობაზე არ იყო შემთხვევითი. ის რამდენჯერმე ახსენებდა კორუფციის რისკებს და ამის დაბალანსების საჭიროებას. რა თქმა უნდა, მან გაცილებით მეტი იცის. მე ბუნებრივად ველოდები ამ განცხადებისა და მისი დაბრუნების შემდეგ ცვლილებებს, კონკრეტულ პირებს, ვინც ამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს იპარავს, ვინც ამ კორუფციაშია ჩართული და სახელისუფლებო გავლენებს იყენებს სწორედ კორუფციული ინტერესებისთვის. ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები, სხვაგვარად წარმოუდგენელია. მაშინ გამოდის, რომ მან თავად უნდა აიღოს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რაც ლოგიკას მოკლებულია", - ამბობს ბესელია.