ეკლესიის წინააღმდეგ არ უნდა იყენებდე იმ ფულს, რასაც ჰქვია პროგრამა "ერთიანობა და მრავალფეროვნება" - ვოლსკი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი USAID-ის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეისწავლოს, რას საქმიანობს ტოლერანტობის ცენტრი
ამასთან, პარლამენტის წევრი პაპუაშვილის რიტორიკას იმეორებს და ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ მინდიაშვილის მსგავსი დამოკიდებულება ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს საფუძვლები შეირყეს. მისი თქმით, როდესაც ეკლესიის წინააღდეგ ილაშქრებ USAID-ის მსგავსი ორგანიზაციის ფულს არ უნდა იყენებდე.
მინდიაშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, მისი განცხადება, განცხადების შინაარსი, რომლიდანაც შემდეგ გამოდის გარკვეული ქმედებები, აგრესიული ქმედება, დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მნიშვნელოვანწილად მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფოს საფუძვლები შეარყიოს. ეკლესია არის ერთ-ერთი, რომელზეც საერთოდ, სხვა კონფესიების სიმყარე, თანამედროვე დამოკიდებულება საკითხების მიმართ არის ერთ-ერთი, რაზეც დგას ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო. როდესაც ამის წინააღმდეგ ილაშქრებ, რასაკვირველია იმ ფულს არ უნდა იყენებდე, რომელსაც ჰქვია პროგრამა "ერთიანობა და მრავალფეროვნება", - ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა. პაპუაშვილის განცხადებით, ტოლერანტობის ცენტრი USAID-ის მიერ ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ „ამერიკა სიძულვილის ენას აფინანსებს, ეს კი პრობლემაა”.